მაცხოვარი, ფრესკა ზარზმის მონასტერში |
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.
ლოცვა „მამაო ჩვენო“, როგორც სახარებიდან არის ცნობილი,
თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვასწავლა. ამ ლოცვაში ჩვენ მივმართავთ ღმერთს, რომელიც
ზეცაშია და ვემორჩილებით მის ნებას. უფალს ვთხოვთ მოგვცეს ყველაფერი, რაც ამქვეყნიური
ცხოვრებისთვის გვჭირდება; ვთხოვთ გვაპატიოს ჩვენი ცოდვები ისე, როგორც ჩვენ ვპატიობთ
იმ ადამიანებს, რომლებიც გვაწყენინებენ. ბოლოს კი უფალს ვთხოვთ, აგვარიდოს განსაცდელი
და გვიხსნას ბოროტისგან.
მაცხოვრის შობა, მე-16 ს. ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი |
შობის კონდაკი
„ქალწული დღეს
არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის და ქვეყანა ქვაბსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა
თანა დიდებისმეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავსა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის
იშვა ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი.“
დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველა არსებაზე უფრო
მაღალს, უმეტესს - იესო ქრისტეს შობს. მიუხედავად იმისა, რომ იესომ მოისურვა პატარა
ბავშვად დაბადებულიყო, ის ხომ არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ის ღმერთკაცია. ნამდვილი
ღმერთი და ნამდვილი ადამიანი.
ყველა და ყველაფერი მაცხოვრის მადლიერია. ქვეყანა გამოქვაბულს
უძღვნის მას, ანგელოზები გალობას სწირავენ, მოგვები თაყვანს სცემენ, ზეცა კი ვარსკვლავებს
უძღვნის. მაგრამ ყველაზე მეტს თავად პატარა იესო იმეტებს ჩვენთვის. ის თავის თავს გვჩუქნის,
სიცოცხლეს გვწირავს ადამიანებს და ასე გვასწავლის უზარმაზარ სიყვარულს. შობის კონდაკში
მაცხოვარს ახალი ყრმა (ბავშვი) იმიტომ ეწოდება, რომ სრულიად ახალი სიცოცხლე მოგვიტანა
ადამიანებს. ღმერთს, რომელიც საუკუნეების წინ, ყველაფერზე უფრო ადრე არსებობდა, სურს,
რომ ჩვენც მუდამ მასთან ერთად ვიცხოვროთ და სიცოცხლე არასდროს დამთავრდეს.
მაცხოვარი, სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკა |
ლოცვები სწავლის დაწყების წინ და სწავლის დამთავრები შემდეგ
გაკვეთილების სწავლა, რომ გაგიადვილდეთ, მეცადინეობის
წინ უფალს სთხოვეთ დახმარება. ის აუცილებლად გაგიხსნით გონებას და უფრო ადვილად შეისწავლით
ნებისმიერ საგანს. აი, ეს ლოცვაც:
ყოვლადსახიერო
უფალო, გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულისხმისყოფისა
და განმაძლიერებელი ძალთა სულთა ჩვენთასა, რაითა ჩვენ ყურადმღებელნი გარდამოცემულისა
ჩვენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩვენისა, სადიდებელად, მშობელთა ჩვენთა
სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.
მეცადინეობის დასრულების შემდგომ კი მადლობა უნდა შევსწიროთ
უფალს, რომ ეს ყოველივე შეგვაძლებინა:
გმადლობ, შენ შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ შენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა, აკურთენ ჩვენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყუანელნი ჩუენდა ცნობად კეთილისა; და მოგვეც ჩვენ ძალი და სიმხნე, რაითა ახლად შეუდგეთ სწავლასა ამას. ამინ.
მაცხოვარი, ფრესკა ვარძიის მონასტერში |
ლოცვები საქმის დაწყების წინ და საქმის დასრულების შემდეგ
ყოველ საქმეს, რასაც ქრისტიანი აკეთებს, იგი უპირველეს
ყოვლისა, ღვთისგან უნდა გამოითხოვდეს კურთხევას. არსებობს საგანგებო ლოცვები, სათქმელი
საქმის დაწყების წინ და მისი აღსრულების შემდგომ. ამ ლოცვებით ადამიანები უფლისგან
გამოითხოვენ შეწევნას, რათა ღვთის მადლით უკეთ აღასრულონ განზრახული საქმე და იგი ყველასთვის
სასიკეთო იყოს. საქმის დაწყების წინ მორწმუნენი წარმოთქვამენ ლოცვას სულიწმიდისადმი
„მეუფეო ზეცათაო“. ხოლო საქმის დასრულების შემდეგ მადლობას სწირავენ უფალს.
ლოცვა საქმის
დაწყების წინ:
მეუფეო ზეცათაო,
ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ
მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ
შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
ლოცვა საქმის
აღსრულების შემდეგ:
აღვსება ყოველთა
კეთილთა შენ ხარ, ქრისტე ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი
და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.